გელათის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში.
მონასტერი დააარსა საქართველოს მეფემ დავით IV აღმაშენებელმა (1089-1125). შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. 2010-2017 წლებში ძეგლი იმყოფებოდა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში, სიიდან ამოიღეს 2017 წლის 10 ივლისს.
საისტორიო წყაროების თანახმად, გელათი ერთიანი საქართველოს მეფეთა საძვალე იყო და XII-XIII სს-ის ყველა მეფე (დავით IV, დემეტრე I, გიორგი III, თამარი, გიორგი IV) და XVI-XIX სს-ის იმერეთის მეფენი (ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, ალექსანდრე V, სოლომონ I, უკანასკნელი ქართველი მეფე სოლომონ II) გელათში არიან დაკრძალულნი. გელათის სამონასტრო კომპლექსში შედის გელათის აკადემია შუა საუკუნეების საქართველოში განათლების უმთავრესი ცენტრი. აკადემიაში სწავლებასთან ერთად მიმდინარეობდა მთარგმნელობითი და სამეცნიერო საქმიანობა, იქმნებოდა ორიგინალური თხზულებები.
გელათი სამეფო მონასტერი იყო XII-XV სს-ში და უშუალოდ მეფეს და მწიგნობართუხუცესს (პირველ მინისტრს) ექვემდებარებოდა. გელათის აკადემიის რექტორი ანუ მოძღვართმოძღვარი სამეფო კარზე მაღალი რანგის ფიგურად ითვლებოდა და თითქმის კათოლიკოსს უტოლდებოდა. მონასტრის უფროსი მონაზვნები სამეფო დარბაზის წევრები იყვნენ. გელათის აკადემიის სიცოცხლე განახლდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის თაოსნობით 1995 წლის 25 მაისს, როცა შეიქმნა გელათის სამეცნიერო აკადემია.
გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში დაცულია გელათის მოზაიკა. იგი ხელოვნების მაღალმხატვრული, დახვეწილი ტექნიკით და ვირტუოზული ოსტატობის მაღალი ნიმუშია. დაცულია დასავლეთით XII საუკუნის ფრესკები, რომლებზეც გამოსახულია დასავლეთით „საეკლესიო კრება“. სამხრეთის ეკვდერში დავით ნარინის XIII საუკუნეში შესრულებული პორტრეტია, ჩრდილოეთის კედელზე გამოსახულია დავით აღმაშენებლის ფრესკული გამოსახულება.
ყველას მოვუწოდებ ნახოს გელათის ტაძარი!
Comments