შაორის წყალსაცავი რაჭის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. გზად რაჭისკენ მიმავალი წყალსაცავს ისე ვერ ჩაუვლი, თვალი არ მოგწყვიტოს ულამაზესმა გარემომ. მიუხედავად ამისა, წყალსაცავი ტურისტებისთვის ნაკლებად პოპულარული ადგილია. თუმცა, ეს ერთის მხრივ შაორს უფრო საინტერესოს ხდის. ხეტიალის მოყვარული ადამიანები ხშირად ეძებენ ისეთ ადგილებს, რომლებიც არ გამოირჩევა ხალხმრავლობით, ტურისტების სიმრავლით და ამავდროულად არის ისეთი გარემო, სადაც შაბათ-კვირას, ბუნებასთან ჰარმონიაში, დროს სასიამოვნოდ გაატარებ.
შაორის წყალსაცავი მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1100-1200 მ-ზე. წყალსაცავი შერეული ფოთლოვანი ხეებით დაფარულ ქვაბულშია მოქცეული, რომელიც წარმოიშვა მდინარე შაორის დაგუბებით. ქვაბულში მანამდე იყო ორი ტბა: ხარისთვალი და ძრიხისთვალი, რომელსაც დღესდღეობით წყალსაცავი ფარავს. შაორის სიგრძე 7.1 კმ-ია, მაქსიმალური სიგანე 2.7 კმ, უდიდესი სიღრმე კი 14.5 მეტრია.
შაორის წყალსაცავს მდიდარი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. აქ შეგიძლიათ სხვადასხვა აქტივობების მოწყობა. დღესდღეობით განვითარებულია თევზაობა. ტბაში ბინადრობს სხვადასხვა სახეობის თევზი. აქ სათევზაოდ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოდიან. წყალსაცავს გარს აკრავს ასევე ნაქერალას ქედი და საწალიკის მთა, სადაც შეგიძლიათ მოაწყოთ ლაშქრობები. წყალსაცავის ირგვლივ ტყეში მრავლადაა სოკო, ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და ძვირადღირებული ნიყვი. ასევე ტბასთან მოწყობილია მცირე ინფრასტრუქტურა, ტბაში დამონტაჟებული საქანელები, რომლებიც ფოტოსესიის მოყვარულთათვის ძალიან მიმზიდველია.
შაორი წლის ყველა სეზონზე ლამაზია. ჰავა შაორის ტერიტორიაზე გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით, ტემპერატურა შედარებით დაბალია, იცის ცივი ზამთარი და გრილი ზაფხული. სკოლის ლაშქრობის დროსაც,სწორედ გადავწყვიტეთ შაორზე კარვებით დავბანაკებულიყავით. საღამოს კოცონი დავანთეთ და გიტარაზე ვიმღერეთ, გამთენიისას კი კარვიდან გამოსვლისას,არაჩვეულებრივი ბუნება წარმოჩინდა ჩემს თვალწინ. ხასხასა ფერები. დაბანაკებული ადგილის უკან,ჩემი მეგობრები თევზაობდნენ.თავი მართლაც სრულფასოვან ადამიანად ვიგრძენი,მეგობრებით გარემოცულ არაჩვეულებრივ ბუნებაში. შაორი არაჩვეულებრივი ადგილია დასვენების დღეების გასატარებლად.ამიტომ,
ყველას მოგიწოდებთ გაატაროთ არაჩვეულებრივი დღე შაორზე!
Comentários